საზოგადოება
ზუგდიდში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა – ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ცხოველების აცრებს არ აფინანსებს

cofi3როგორც საქინფორმს სამეგრელოდან ატყობინებენ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. მანანა გულუას მეწველი ძროხა და ღორი ცოფით დასნებოვნდა. მანანა გულუას და მის მეუღლეს დაავადებულ ცხოველებთან შეხება ჰქონდათ, რის გამოც, თავდაცვის მიზნით, ცოფის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაუკეთეს. როგორც გულუები განმარტავენ, მათ პირუტყვს მაწანწალა ძაღლმა უკბინა. შემთხვევის თავიდან აცილება შინაური ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უსაფრთხოების ზომები არ მიუღია.

ვეტერინართა ასოციაციის წარმომადგენელი დავით ჭეჟია აცხადებს, რომ ისინი ცხოველებზე ვაქცინის გაკეთებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან შეკვეთის მიღების შემდეგ ახდენენ, თუმცა ამ ეტაპზე შეკვეთა არ მიუღიათ და, შესაბამისად, ვაქცინაციაც არ ჩაუტარებიათ.

ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა და ის დაავადებული ცხოველის ნერწყვით გადადის. აღსანიშნავია, რომ საკუთარი სურვილით ცოფის საწინააღმდეგო აცრა მსხვილფეხა ცხოველების შემთხვევაში 5 ლარი ღირს, ძაღლებისა კი – 3 ლარი.