რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის ე.წ. გენოციდთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა, დღეს საკომიტეტო მოსმენა იმართება.
პროექტის თანახმად, ჩერქეზთა მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავების წინადადებით მიმართავს. თავის მხრივ, ეს გეგმა საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრისა და ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის შექმნას გულისხმობს.
დადგენილების პროექტს პარლამენტი მიმდინარე წლის 1 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 20 მაისის პლენარულ სხდომაზე რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის ე.წ. გენოციდი აღიარა, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯი იყო, რასაც შესაძლოა, ძალზე ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.
მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა ამ შეფასებების სისწორის კიდევ ერთ დადასტურებად შეიძლება, ჩაითვალოს. ყველაზე მტკივნეული კი საზოგადოებისთვის, ალბათ, ის იქნება, რომ ხელისუფლება ჩერქეზებს საკუთარ ხალხზე მეტად აფასებს. ამის გამოხატულებაა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ათასობით ქართველის ხსოვნისადმი მიძღვნილი „დიდების მემორიალის“ აფეთქების შემდეგ მემორიალის სწორედ ჩერქეზებისთვის გახსნა. როგორც ჩანს, საქართველოში საკუთარი ხალხის ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალების ადგილი აღარ არის. სამაგიეროდ, რუსეთთან ყოვლად უაზრო და უშედეგო დაპირისპირებისთვის ხელისუფლება მზადაა, სხვა ხალხებს მემორიალი გაუხსნას, ქართველი გმირი ხალხის ხსოვნა კი სამუდამოდ დაასამაროს.