საზოგადოება
პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ თვითონ“ მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს ერთიანი სტრატეგია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები როგორც სტიქიური პროცესების, ისე გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – გიორგი ხოკერაშვილის, განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში სტიქიის შემოტევის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. „ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად 35 204 დაზარალებული ოჯახია რეგისტრირებული. მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად სახელმწიფო ყოველწლიურად 150 მილიონი ლარით ზარალდება. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ კი, ბოლო წლებში, 400-ს მიაღწია. სამწუხაროდ, მეწყერსაშიშ უბნებში 11 ათასზე მეტი ოჯახი დღესაც სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობს. გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს გაჩეხილი ტყეების პრობლემაც დაემატა და შედეგიც ამიტომ აღმოჩნდა ასეთი მასშტაბური. საქართველოში ხეტყის ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე სარფიან სფეროდ გადაიქცა სახელმწიფოებრივ დონეზე“, – ამბობს ხოკერაშვილი და დასძენს, რომ უნდა შეჩერდეს ლიცენზიების გაცემა ტყით სარგებლობაზე.