სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს მიმართავს

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით გაიხსნა, პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია სთხოვა, თუმცა ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში გაკეთდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას.

„მოგეხსენებათ, 2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით.

საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.