პოლიტიკა
გაერომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების უფლება აღიარა

oonამის შესახებ გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო. რეზოლუციას მხარი 57-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგი იყო, ხოლო 74-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და მათი შთამომავლების სახლში დაბრუნების უფლებაა აღიარებული. რეზოლუციაში, ასევე, დაფიქსირდა მოწოდება, შემუშავდეს დევნილების დაბრუნების გრაფიკი.

ასამბლეამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული უნდა იყოს იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და დევნილის ქონებრივი უფლება, რომლებიც საქართველოში კონფლიქტების შედეგად დაზარალდნენ და ყველამ თავი უნდა შეიკავოს მათი ქონების უკანონოდ შესყიდვისგან.

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ დაუშვებელია დემოგრაფიული სიტუაციის ძალადობრივი შეცვლა. ასამბლეა მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა მშვიდობის დასამყარებლად, შეთანხმდნენ ნდობის განსამტკიცებლად ეფექტურ ზომებზე და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებათა პატივისცემისკენ.