სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარის მსგავსად, თანამდებობა ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც დატოვა

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ია ჯიშკარიანმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის „ახალი მენეჯმენტის“ დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო. სწორედ ხუთ დღეში ჩაატარეს ყრილობა და, ნაცვლად არჩევისა, „დანიშნეს“ პოლიტსაბჭოს წევრები. ახლა კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: ია, ვიცით, რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს, 2012 წელს შემოუერთდი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი. თუმცა, რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე. პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ. ჩემთვის მიუღებელია ასეთ დროს (როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღე დღეზე უნდა გადაწყდეს) ასეთი ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას; ვრჩები პარტიის რიგით წევრად მანამ, სანამ პარტიას ჰყავს პოლიტპატიმრები და მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგაქრის ტყვეობაშია“, – წერს ჯიშკარიანი.

ასევე პოსტი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი ჩიკვილაძემ.