პოლიტიკა
ცესკოს განცხადება უწყების დამაზიანებელი მორიგი კამპანიის შესახებ

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ცესკო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი განცხადებების საბაბი კიდევ ერთხელ გახდა.

ამჯერად საუბარია განცხადებაზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. გიორგი სიორიძე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტია „ლელოს“ მიერ არის დანიშნული, აცხადებს, რომ ამ კანონპროექტით „ხელისუფლება ცესკოს ფაქტობრივად ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს“. სამწუხაროა, რომ ეს არ არის მის მიერ გაკეთებული საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის შემლახავი პირველი განცხადება. ის რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას.

გიორგი სიორიძე, როგორც ცესკოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ვალდებულია დაიცვას საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული და ეთიკური ნორმები, იყოს მიუკერძოებელი. თუმცა, ამის საპირისპიროდ, დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა უწყების იმიჯის დამაზიანებელი პოლიტიკური კამპანიის საფუძველი.

იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობებზე და აშკარაა ამ კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ უწყებას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს.

საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესი არ დაზიანდეს პოლიტიკური მოტივების გამო, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და მისი წარმატებით ჩატარებაც ყველა მხარის ინტერესში უნდა იყოს“.