სამართალი
აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „უზენაესმა სასამართლომ“ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS-ი ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თაკალანძე ქრისტინე დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-მუხლით („ჯაშუშობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, - ნათქვამია განაჩენში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებული ქრისტინე თაკალანძისთვის 13-წლიან პატიმრობას მოითხოვდა.

ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს და მის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე“ ჯაშუშობის მუხლით აღძრეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იანვარში დაიწყო.