პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მე მჯერა, საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას.

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში, მივესალმები ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშრის ელჩებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პატივცემულ სტუმრებს. მინდა ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით. კიდევ ერთხელ, მინდა მას მადლობა გადავუხადო, რომ საზოგადოებას მიმართა ქართულ ენაზე.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს „ევროპის დღეს“ აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად. ვინაიდან, ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვლის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას“, - განაცხადა პრემიერმა.

კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისფულების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის, პირველ რიგში, აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოვებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან.

ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც.

შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ექსპო ჯორჯიაში” გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.