სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას. იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. მაგალითად, World justice project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდექსით ვუსწრებთ ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ლიდერი ვართ რეგიონში. Heritage foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის მსოფლიო რეიტინგში საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.

ჩვენ ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის.

დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს   ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება,

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს!“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.