საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 2.7% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (10.3%-იანი მატება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.9%-იანი მატება); ტრანსპორტი (12.9%-იანი კლება); ჯანმრთელობის დაცვა (7.9%-იანი კლება).
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8%); რძე, ყველი და კვერცხი (10.1%); პური და პურპროდუქტები (9.2%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7%); თევზეული (6.7%); ყავა, ჩაი და კაკაო (3.4%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.5%). ამასთან, ფასები შემცირებულია: ზეთსა და ცხიმზე (-14.8%) და ხილსა და ყურძენზე (-4.4%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.1%-იანი მატება); ჯანმრთელობის დაცვა (0.9%-იანი მატება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.1%-იანი შემცირება); ტრანსპორტი (2%-იანი შემცირება).