სამართალი
ხატია დეკანოიძე უმრავლესობას: თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს ღიად უპირისპირდება

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის პირველი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს და არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წავიდა.

ოპოზიციას რომ აბრალებენ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობას ან ოპოზიციას რომ აბრალებენ საგარეო პოლიტიკურ კურსს, მე შემიძლია გითხრათ ყველას ერთად, რომ თქვენ ხართ ყველაზე უფრო ანტიდასავლური ძალა, რომელიც საქართველოს ჰყოლია ხელისუფლებაში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს არის საქართველოს მოქალაქეების 85% და უფრო მეტი. თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელიც ღიად ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს უპირისპირდება. თქვენ ხართ პირველი ხელისუფლება, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო „მცველი 23"-ში, ნატო-წვრთნებში, მოიკითხეთ, რატომ არ იღებს საქართველო მონაწილეობას ამ წვრთნებში პირველად და რატომ იყო ამოღებული სიიდან? ამიტომ, როდესაც საუბრობთ, ან ოპოზიციის ვალდებულებაზე, ან როდესაც საუბრობთ კონკრეტულად თქვენს საგარეო პოლიტიკაზე, მე ვფიქრობ, რომ ფაქტებით უნდა ისაუბროთ!“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.