საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი - 68 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის 49 ირანის მოქალაქეა, 29 - თურქეთის, 24 - რუსეთის, 11 - ინდოეთის, 10 - დაუდგენელი მოქალაქეობის, 6 - ავღანეთის.
რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, აღნიშნულ სამ თვეში, ეს სტატუსი უცხო ქვეყნის 47-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 39 პირი უკრაინის მოქალაქეა, 3 ყაზახეთის, ხოლო 5 - დაუდგენელი მოქალაქეობის.
ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს, მათ შორის 1 რუსეთის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა.
შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 153 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 48 პირი ირანის მოქალაქეა; 21 თურქეთის; 16 მიანმარის; 9 რუსეთის; 7 ნიგერიის; 2 უკრაინის.
3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 55 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: აზერბაიჯანის 13 მოქალაქე; ინდოეთის 10; ირანის 8; ბანგლადეშის 7; ეგვიპტის 3; რუსეთის 1.
ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის - 27; ინდოეთის 3; თურქეთის 2.
ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.
ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.