სამართალი
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ელჩი დღემდე არ მიიჩნევს საჭიროდ, საზოგადოებას მოახსენოს, სანქციები რა მტკიცებულებებით დაწესდა

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეტანილი არ არის, – ამის შესახებ გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯფუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს, ან ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, ამის მოთხოვნა ბიუროს სხდომაზეც შეუძლია და პლენარულ სესიაზეც.

დღის წესრიგს ალბათ გაეცანით. რა თქმა უნდა, წინა კვირას ამ საკითხმა შეაფერხა პარლამენტში სხვა კენჭისყრები. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ დროს ამ თემების წამოწევა, გარკვეულწილად დესტრუქციული დღის წესრიგის შემოტანა პარლამენტში არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, რომლის იმპულსიც წამოვიდა გარედან, იცით, რომ მანამდე, ერთი წლის წინ ჰქონდა მსგავსი თემა დაინიცირებული „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ სხვა ჯგუფსაც. არც კი იქნა გამოტანილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილება იყო გარკვეულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილმა ეს აღიქვა იმპულსად, რომ თავად პოლიტიკური დღის წესრიგი აეგო სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებაზე ისე, რომ არც არავის მოუკითხავს მტკიცებულებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე დასვა კითხვა, საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე კვირაში გაივლის თუ არა რეგისტრაციას.

ამ სასესიო კვირას კენჭისყრას, რეგისტრაციას შეძლებთ თუ არა? ერთი მხრივ, კონსტიტუციის ჩანაწერია საგამოძიებო კომისიებზე, მეორე მხრივ, სხვა კანონები, 50 კანონამდე, წინა კვირას თქვენი ბოიკოტირების გამო ვერ მიიღო პარლამენტმა. აქ პასუხისმგებლობა თქვენზეც იყო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე. აქედან გამომდინარე, ამ კვირასაც ასე უპასუხისმგებლობით და უმრავლესობის ოპოზიციაში გადასვლით იქნება პოზიციონირება თუ რაღაცას შეცვლით? ვფიქრობ, კონსტიტუციის დაცვა თითოეული დეპუტატის ვალდებულებაა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილას, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესდებოდა, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა.

სამწუხაროდ, ვერცერთი ოპოზიციონერი წარმომადგენლისგან ვერ ვნახე, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდათ სხვა მხრივ კომუნიკაცია აშშ-ის ელჩთან, თუ ჰკითხეთ მას, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა, რადგან ამ ქვეყნის ყველა უმაღლესმა თანამდებობის პირმა ეს იკითხა. სამწუხაროდ, დღემდე ელჩი არ მიიჩნევს საჭიროდ, ქართულ საზოგადოებას მოახსენოს, რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მიუღებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს უწესდებათ სანქციები ისე, რომ არავინ ღირსად არ თვლის საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ უთხრან, რა არის ამის საფუძველი. თქვენ ადგილას, უპირველეს ყოვლისა, დავინტერესდებოდი, რა მტკიცებულებები არსებობს და არ ვიტყოდი იმას, რაც თქვენ თქვით, თუ არ ვცდები, პლენარული სხდომის დროს, რომ კომისიამ უნდა შეუქმნას მტკიცებულებები ამ გადაწყვეტილებებს ან გაამყაროს ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს აკნინებს თქვენს, როგორც პარლამენტის წევრის როლს და, ზოგადად, პარლამენტის როლს. თქვენ შეიძლება, პარლამენტი ამ მხრივ წარმოგიდგენიათ სხვა სახელმწიფო უწყებების რაღაც კანცელარიად, რომელმაც მტკიცებულებები უნდა აგროვოს და ამყაროს სხვისი გადაწყვეტილება. ამიტომ თავისთავად ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები. პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო, შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებული დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. თუკი პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯფუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს ან ფიქრობს, რომ რაიმე საკითხი დასამატებელია, პლენარულ სხდომაზე გაქვთ ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც ბიუროს სხდომაზე, დააყენეთ საკითხი და ამაზე იმსჯელებს ბიუროც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.