საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
„ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.
საუბარი შეეხო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, სადაც ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს ოთხი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს რეგიონული კავშირები, სხვა საგზაო და მუნიციპალური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოზიციები.
ასევე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საკითხებს.
მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.
დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება პარტნიორობა როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.