აქტუალური
რუსული ბანკი სავალუტო ოპერაციებს ლარშიც განახორციელებს

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსული ბანკი „ტოჩკა“ ლარში სავალუტო ოპერაციების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ლარის გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში იქნება შესაძლებელი, უთხრა ბანკის წარმომადგენელმა რუსულ სამთავრობო სააგენტო „ტასს“. დოლარის, ევროსა და რუბლის გარდა, ახლა ქართულ ბანკებში ლარის გაგზავნაც იქნება შესაძლებელი. როგორც მოსალოდნელია, ეს ნაბიჯი რუს და ქართველ მეწარმეებს შორის ურთიერთქმედებას გაამარტივეს. სხვა ქვეყნის ბანკში ფულის გადასარიცხად, მეწარმემ უცხოური სავალუტო ანგარიში უნდა გახსნას. ლარის გადარიცხვის საკომისიო შერჩეულ ტარიფზე იქნება დამოკიდებული.

ლარის გარდა, ბანკი სხვა ვალუტებზეც მუშაობს, ესენია: იუანი, ლირა, ტენგე, დრამი, დინარი, დოლარი და ევრო.

შარშან საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წელთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია; ამიტომ ახალი სავალუტო ოპერაცია დავიწყეთ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების ტენდენციის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ანა დავიდოვამ.

„ტოჩკა“ რუსული ბანკია, რომელიც ოფისების გარეშე ოპერირებს. ის ორიენტირებულია „იურიდიული პირებისთვის მომსახურებების ეკოსიტემის შექმნასა“ და მეწარმეთა დისტანციურ მომსახურებაზე. ბანკმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ლიცენზია 2023 წლის თებერვალში მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარი წყაროა. 2023 წლის მარტში, საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (24.0 მლნ აშშ დოლარი) 26.7%-ით მეტია.

საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არცერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით“.

თუ ბანკი სანქცირებული არ არის, მაშინ რისკი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება. ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშეც, თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, – ხაზი გაუსვა მან.