პუბლიკაციები
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. უკრაინელების გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა და „საფრთხის ახალი აღქმა გამოიწვია“.

21-ეს საუკუნეში აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრომულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკისა და ძალთა შეფარდების მიუხედავად, უცხო, შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის, ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს მსოფლიოს ხვალინდელ დღეს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას. ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მითუმეტეს ევროპის კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილო ატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა. შვედეთის და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.