სამართალი
ირაკლი ანთაძე: ჩვენთვის მთავარი საკითხია უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების გათავისუფლება

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე განხილვის საკითხი იყო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც, სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარის გამოძიება და ინციდენტში მონაწილე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების იდენტიფიცირება მოითხოვეს. ამასთან, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი არსებობს, თუმცა ირაკლი ანთაძეს დეტალებზე არ უსაუბრია.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხებიც განიხილებოდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. გადასასვლელებზე ათდღიანი ვადის გახანგრძლივება ან სრულად გახსნა მოითხოვეს.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ხანგრძლივი იყო, იყო დაძაბული დისკუსიები. ჩვენთვის მთავარ საკითხს წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. დავინტერესდით, რა პერსპექტივას უნდა ველოდოთ. გაჟღერდა გარკვეული სიგნალები და ამ ინფორმაციას ოჯახებს გავუზიარებთ, თუმცა ვერცერთ დეტალს ვერ გავამხელ, ვიდრე ყველა ინფორმაცია არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული არხების მეშვეობით. ჭვრინისის ინციდენტს მიეცა უაღრესად მკაცრი შეფასება და გავაჟღერეთ, რომ აუცილებელია, დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ვინაიდან ჩვენს თანამოქალაქეს მიაყენეს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და მისი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ. მიჭირს საუბარი, რა შედეგს გამოიღებს ჩვენი მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნაზე მათი მხრიდან კომენტარი არ ყოფილა“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.