სამართალი
ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში დაბრუნდა.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ჯეო სქაიმ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა სუდანიდან ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე, საიდანაც უკვე გუშინ საქართველოში დაბრუნდნენ.

„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 20 ადამიანი, რომლებიც არიან „ჯეო სქაის“თანამშრომლები, საქართველოშო დაბრუნდნენ. ყველა არის ჯანმრთელად. დაღლილები არიან. ოჯახის წევრები დახვდნენ. ხართუმიდან ევაკუაციის პროცესი სამი დღის წინ დაიწყო. ჩვენს კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრის მოადგლესთან, ბატონ ალექსანდრესთან მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ, ჩართული იყო თურქეთში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო. ხართუმიდან ეგვიპტის საზღვრამდე ევაკუაცია განხორციელდა ავტობუსით, რაც დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილია. ეგვიპტეს საზღვართან დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მიხეილი, რომელმაც უზრუნველყო შედარებით სწრაფ დროში საზღვრის კვეთა. დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი დგას საზღვარზე, ვინც ცდილობს საზღვრის გადაკვეთას. მანვე უზრუნველყო ჩვენი თანამშრომლების, პირველ რიგში, საზღვრისპირა ქალაქში მიყვანა, სასტუმროში განთავსება. ცოტა ხნით დაისვენეს და განაგრძეს გზა კაიროს მიმართულებით. გუშინ საღამოს გამოფრინდნენ კაიროდან. სამწუხაროდ, გუშინ „თურქიშის“ თვითმფრინავმა დააგვიანა და ვერ მოასწრეს გამოფრენა. ვერ მიუსწრეს თურქეთში თავიანთ რეისს და შემდეგი რეისით ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელმა, შალვა კიკნაძემ.

რაც შეეხება კითხვას, უკრაინის დაზვერვის სამსახური იყო თუ არა ჩართული გამოყვანის პროცესში, შალვა კიკნაძის თქმით, ავიაკომპანია მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში.

140 ადამიანი იყო, ვინც ხართუმიდან საზღვრამდე წავიდა და შემდგომ ეგვიპტის პირველივე გაჩერებაზე ეს ხალხი გადანაწილდა, ყველას დახვდა თავისი საელჩო. იქ იყვნენ უკრაინელები, ასევე ეგვიპტელები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დარჩენილია 13 თანამშრომელი, „მაი ვეის“ წარმომადგენელი. თითქმის შეუძლებელი იყო ყველას ერთად, ერთ რეისზე მოხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იყო ადგილები. ისინი ხვალ ჩამოვლენ“, – განმარტა შალვა კიკნაძემ.

ამასთან, „ჯეო სქაის“ თანამშრომელი ალექსანდრე საათაშვილი აცხადებს, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს და მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ავიაკომპანიის თანამშრომლების სუდანიდან გამოყვანაში.

„ნამდვილად გაუსაძლისი პირობები იყო, ირგვლივ სროლა, დაბომბვა, ყოველ დილით, ყოველ საათში ალბათ. საკამოდ მძიმე იყო ის პერიოდი, უფლის წყალობით, გადავრჩით და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მხარეს, ვინც კი მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენს ხსნასა და გამოყვანაში. ყველა ჩართული იყო, როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთი წუთით არავინ მიუტოვებიათ“, – განაცხადა ალექსანდრე საათაშვილმა.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხართუმში. ავიაკომპანიის ცნობით, მას შემდეგ „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.