საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანებამ, „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” 26 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, დროულად, 31 მაისამდე მოიყვანოს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუწყოს ხელი და შეინარჩუნოს საქართელოს წევრობა ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებით ევროპა”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „გასათვალიწინებელია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტის დამოუკიდებელ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ათობით რეკომენდაციები, რათა არ შეექმნას საფრთხე არა მარტო მედიაგარემოსა და კინოინდუსტრიას, არამედ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.
კოალიციამ ასევე აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროკავშირმა დაინახა დისკუსიების საჭიროება და ვალდებულების შესრულების ვადა 2023 წლის 31 მაისამდე გადაწია, პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებებს და არ გაიზიარა ტელემაუწყებლების უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი.
კოალიცია აღნიშნავს, რომ 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის რამდენიმე სფერო „არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“. კოალიციისვე თქმით, დასკვნაში ხაზგასმულია, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება ევროდირექტივას. გარდა ამისა, „არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლებას)“.