საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ სუდანში სამხედრო კონფლიქტის გამო ჩარჩენილი საქართველოს 30-მდე მოქალაქეე ეგვიპტეში გადაიყვანეს და რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნდებიან.
ხვთისიაშვილის თქმით, ისინი სუდანი-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. „ჩვენი საელჩოების ჩართულობით, პარტნიორების ჩართულობით კომპანიების აქტიური ჩართულობით განხორციელდა ევაკუცია წარმატებულად და არცერთი საქართელოს მოქალაქე ამ მომენტისთვის სუდანში არ იმყოფება“, – ხაზი გაუსვა მან.
თავის მხრივ, ავაკომპანიების – „ჯეო სქაისა“ და „მაივეი ეარლაინსის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ძირითადად მათი თანამშრომლები არიან, უკვე გადალახეს სუდანის საზღვარი და „სამშვიდობოს“ იმყოფებიან, ადგილზე მათ ეგვიპტეში საქართელოს ელჩი დახვდათ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კაიროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ავიაკომპანიების წარმომადგენელთა ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდებიან.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, წარმატებით მოახდინა უკრაინის 87 მოქალაქის ევაკუაცია პერუსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადების საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტერნეგამოცემა „ნეგაზეთს“ უთხრა, რომ „საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევით და დაგეგმვით“.
სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას სუდანში 16 აპრილს კონფლიქტის გაჩაღება მოყვა. სუდანის არმია, გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის მეთაურობით, საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს სწრაფი რეაგირების ძალების წინააღმდეგ, რის შედეგადაც 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხართუმის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ასევე გაეროს ჰუმანიტარული საჰაერო სამსახურის თვითმფრინავი. დიპლომატიური მისიები სუდანში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევენ.