საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ალმათში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ- სამძებრო სამუშაოების დროს საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი ინტერნეტთაღლითების ქოლცენტრში მუშაობდნენ.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითებთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოვლინდა. ისინი თავს ბანკის თანამშრომლებად წარმოადგენდნენ და ყაზახეთის მოქალაქეებს ონლაინსესხებს უფორმებდნენ.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, შიმქენთში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა. გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილებმა ფარმაცევტული კომპანია „ჰალტ თაიმის“ კლიენტების ბაზა მოიპარეს, შემდეგ უკავშირდებოდნენ ამ ადამიანებს და მანქანის მოგების შესახებ ატყობინებდნენ. მოქალაქეებს სთხოვდნენ, არარსებული მოგების მიღების მიზნით გადაეხადათ გარკვეული თანხა.
ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ათობით მსხვერპლი. გამოძიება ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.