აქტუალური
ევროკავშირის საბჭო: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში, – ამის შესახებ ნათქვამია ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე.

„დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი ელემენტები თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრო ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, რომელსაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა კოლეგა მინისტრთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან.