პუბლიკაციები
საკრებულოში ქართული ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მეგობრობის სახლისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარჩინებული კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა (საბჭოს თავჯდომარე - რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის მეგობრობის სახლის დამაარსებელი).

   ღონისძიება საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ გახსნა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო ენას. ეს მათი მხრიდან დიდი ეროვნული შეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გამომჟღავნებაა. ასევე მადლიერნი ვართ უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისა, რომლებიც სწავლობენ ჩვენს სახელმწიფო ენას, ვინაიდან, როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა, ენის პატივისცემა - ეს ერის პატივისცემაა. მწამს, რომ ამ ადამიანების სახით ჩვენს ქვეყანას დიდი გულშემატკივრები და ქომაგები ყოველთვის ეყოლება“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

   ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა. ღონისძიების მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა მარიკა დარჩიამ. „იყო ასეთი უძველესი და ისტორიული ქვეყნის კულტურის მონაწილე - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ენის სწავლის შედეგი - ნებისმიერის   -   მხოლოდ ენის შესწავლა არ არის,   ეს იმ ქვეყანასთან გაერთიანებაა. გილოცავთ ყველას“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.

   თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ კი ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველო ამაყობს თავისი ტოლერანტობითა და მრავალფეროვნებით და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ როგორც ჩვენი, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემხვედრ ნაბიჯებს დგამენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უნიკალური ქართული ენა ისწავლონ.

   სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიას კურსდამთავრებულებთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები და ტრენერები ესწრებოდნენ.

   

საქინფორმი