საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ასეთ მოთხოვნას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის წერილსაც, ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
ელჩის თქმით, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია.
„ჰელსინკის კომისია გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც პატივს სცემენ და მას აქვს მანდატი აშშ-ის კონგრესისგან, რათა მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედიათავისუფლებას. ისინი მკაფიოდ აცხადებენ, ისევე როგორც ბევრი სხვა, მათ შორის საელჩო, იმ შეშფოთების შესახებ, რომელიც გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და, შესაბამისად, მსჯავრისა და გადაწყვეტილების თაობაზე.
ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია, საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ცხადია, შეწყალებასთან დაკვშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უშუალოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ასეთ მოთხოვნას და მათ შორის ჰელსინკის კომისიის წერილსაც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.