საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, რომლის შეწყალებაც სურს.
„ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ მომდევნო ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.