აქტუალური
შემოსავლების სამსახური „მედიაპალიტრაში“ კვლავ შედის

media-palitra-3როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „მედიაპალიტრის“ ექვს ორგანიზაციაში სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდა, ამჟამად კი შემოსავლების სამსახური ამ ორგანიზაციებში ეტაპობრივად გასვლით საგადასახადო შემოწმებას იწყებს.

„ეს კომპანიებია: შპს „ჯეპ“, შპს გამომცემლობა „კოლორი“, შპს „პოლიგრაფიული მასალები“, შპს „ელვა სერვისი“, შპს გამომცემლობა „პალიტრა L“ და შპს „ბიბლუსი“. პროცედურის მიხედვით, 2011 წლის 7 ივნისს ყველა ამ კომპანიას ჩაბარდა შეტყობინება შემოწმების შესახებ. შესაბამისად, გასვლითი საგადასახადო აუდიტი კანონით დადგენილ ვადებში იწყება. გასვლითი საგადასახადო აუდიტი კომპანიებში კანონის ნორმების სრული დაცვით ჩატარდება და არცერთ ორგანიზაციაში არ შეფერხდება სამუშაო რეჟიმი. ხელი არ შეეშლება „მედიაპალიტრის“ მასობრივი ინფორმაციების საშუალებების მუშაობას და ინფორმაციის გავრცელებას. შემოსავლების სამსახური შემოწმების პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას მოახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური „მედიაპალიტრის“ ორგანიზაციებში პირველად მიმდინარე წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ შევიდა. საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან „მედიაპალიტრასა“ და, ზოგადად, ქართულ მედიაზე ზეწოლად აღიქვა.