საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს, მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საკითხი არასწორად წარმოაჩინეს.
„ახლა მინდა კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოება და პირველ რიგში, ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციურობის, მესმის მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ასე წარმოაჩინეს საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს. თითქოს წამალი რომ მივცეთ ჩვენ, მთავრობამ რომ მისცეს, ყველაფერი შეიცვლება. ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. იცით თქვენ, ძალიან ბევრი ჩვენს გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელს მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ. ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ მოწოდებული“, - განაცხადა პრემიერმა.