საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების დამცველმა თერთმეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ერთობლივი წერილით მიმართა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვა. ორგანიზაციებმა დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მოუწოდეს პრეზიდენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ წასაწევად.
წერილში ორგანიზაციებმა მიულოცეს ქართველ ხალხს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გაწვევა და მოუწოდეს პრეზიდენტს პრესის თავისუფლებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ძალაუფლება და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. მათი თქმით, გვარამიას გასამართლებამ, რომელსაც 2022 წლის 16 მაისს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო 3.5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთება გამოიწვია, ხოლო აშშ-ის საელჩომ, საქართველოს მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ასევე მისთვის პატიმრობის მისჯა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.
წერილში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, უნდა აღიაროს, რომ შურისძიების მიზნით ჟურნალისტის დაპატიმრება შემაშფოთებელია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხის მომასწავებელია. წერილი ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 1992 წლიდან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების აღრიცხვა დაიწყო, საქართველოში პატიმრობაში მყოფი არცერთი ჟურნალისტი არ დაფიქსირებულა. „გვარამიას პატიმრობაში ყოფნა, რაც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებთან ერთ ხაზზე აყენებს, ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას“, – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის უფლება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის 2022 წლის ივნისის მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, მოიცავდა 12 პრიორიტეტს, სადაც ხაზგასმულია, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესი უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. გვარამიას საქმეზე ეს მინიშნება გულისხმობს, რომ მისი მდგომარეობა გადამწყვეტია, შესაბამისად, წერილში ნათქვამია, რომ „გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელების გზაზე“.
წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი; მე-19 მუხლი; ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია (AEJ); პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF); ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ); ჰიუმან რაითს ვოჩი (HRW); ჟურნალისტური სამართლიანობის ფონდი; ცენზურის ინდექსი; საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI); საერთაშორისო პენკლუბი (PEN International); რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF).