საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას.
სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს. საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელობანი გაუმჯობესების თვალსაზრისით და ერთ-ერთი ლიდერია ფართო რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის კუთხით. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ქვეყანაში შემცირდება სიღარიბე, გაიზრდება დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები.
სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები, რომელიც მომზადდება და მოკლე დროში წარედგინება მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.