„რაულ ხაჯიმბა პირველი აფხაზი პოლიტიკოსი გახდა, რომლის მხარდამჭერებმაც რეგიონის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს განაცხადი 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე“, – იტყობინება „აფსნიპრესი“.
ხაჯიმბა აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2005-2009 წლებში. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის აწ გარდაცვლილ ლიდერ სერგეი ბაგაფშთან ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიიღო. 2004 წლის ბოლოს გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბაგაფში და ხაჯიმბა ძალაუფლების გაყოფაზე შეთანხმდნენ. შედეგად, ბაგაფში პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტი.2009 წლის მაისში ხაჯიმბა ბაგაფშთან უთანხმოების მოტივით გადადგა.
ხაჯიმბა 2009 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, როცა ბაგაფში მეორე ვადით იქნა არჩეული. მთავარმა კონკურენტმა რაულ ხაჯიმბამ იმ არჩევნებზე ხმების 15.4 პროცენტი მოიპოვა.
პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ორიოდე კვირის წინათ განაცხადა, რომ იგი არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბიც მოიაზრება, რომელსაც საჯარო განცხადება საკუთარი გეგმების შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.
კანდიდატთა წარდგენის ვადა 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისს ამოიწურება.