ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ (თეთრები) მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული განცხადების თანახმად, „საქართველოს მომავალი არა დიქტატორთან და დიქტატურასთან, არამედ დემოკრატიასა და თავისუფალ ადამიანთან, ნიჭის ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული.
„თეთრები“ პატივისცემით ვეკიდებით ლეიბორისტული პარტიის წინადადებას პარტიების მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელმოწერის თაობაზე.
ჩვენ ვთვლით, რომ 26 მაისის შემდგომ ღირსების მქონე ყველა პოლიტიკური ლიდერი და პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.„თეთრები“ ვთვლიდით და ვთვლით, რომ საზოგადოება ყოველთვის პასუხისმგებელია იმ გადაწყვეტილების გამო, რომელსაც იღებს წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევისას.
საზოგადოება ვალდებულია, ხელისუფლების დროული შეცვლითა და საამისოდ გამოყენებული საშუალებებით საფრთხე არ შეუქმნას საკუთარი და სხვა ქვეყნების ურთიერთობას, მშვიდობასა და სტაბილურობას.
სახეზე გვაქვს საქართველოს მოსახლეობის დადასტურებული გენოციდი. ამაზე უარესი რა შეიძლება გაგიკეთოს შენ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, ასეთ რამეს ღირსების მქონე არცერთი ხალხი არ ითმენს მსოფლიოში.
ფაქტია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი პარლამენტი უუნაროა, ხელისუფლების სიწმინდის დასაცავად იმპიჩმენტის მექანიზმი აამოქმედოს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ასეთ დროს საქართველოს ხალხს უშუალო დემოკრატიის მეშვეობით შეუძლია, თავის თავზე აიღოს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება.
ეს პროცესი დაწყებულია. 2010 წლის 25 ნოემბერს სახალხო ყრილობამ ეს ნაბიჯი გადადგა 800 ათასზე მეტი ამომრჩევლის სახელით.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლით პარტიათა ხელმოწერას იმპიჩმენტზე, ეს საერთო-სახალხო იმპიჩმენტის კარგი გაგრძელება იქნება. უფრო მეტიც, ამ პროცესის, ანუ იმპიჩმენტის, საბოლოო დასრულებამდე სასურველი იქნება, ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველო ჯერ თავისი პოლიტიკური სპექტრის სახით, მერე მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობით ოფიციალურად გაემიჯნოს სააკაშვილის მმართველობას, მის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.
ეს იქნება ქართველი ხალხის ღირსეული განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალი არა დიქტატორსა და დიქტატურასთან, არამედ დემოკრატიასა და თავისუფალ ადამიანთან, ნიჭის ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული“.