საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. კეზერაშვილი არის ოლიგარქი თავისი სისხლიანი ფულით, შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით მისგან ფულის მიღება არის აბსოლუტურად ამორალური ქმედება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, „კეზერაშვილს სისხლიანი ფული ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის, ჯარის გაძარცვისა და ევროპელი პენსიონრების გაძარცვის ხარჯზე“.
„ვიღაცები მხოლოდ ახლა შეშფოთდნენ, როდესაც ეს ყველაფერი, მესამე ნაწილი „ბიბისიდან“ გაიგეს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რის ხარჯზე აქვს ნაშოვნი კეზერაშვილს ფული. ის არის ოლიგარქი თავისი სისხლიანი ფულით. შესაბამისად, ამ ადამიანისგან ფულის მიღება სხვადასხვა ფორმით არის აბსოლუტურად ამორალური ქმედება. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, ეს ვითარებას არ ცვლის. „ფორმულა“ არის წაგებაზე მომუშავე ტელევიზია. შესაბამისად, მას ყოველწლიურად სჭირდება მილიონობით ლარი, რათა განაგრძოს ფუნქციონირება. ბუნებრივია, წილების გადაფორმება არაფერს ცვლის. კეზერაშვილი კვლავაც დააფინანსებს სისხლიანი ფულით „ფორმულას“, მის მიერ წილების ფორმალური თუ არაფორმალური გადანაწილებით სინამდვილეში არაფერი იცვლება. ეს არის რეალურად ფიქცია. კეზერაშვილი გააგრძელებს სისხლიანი ფულით „ფორმულას“ დაფინანსებას. ამ ყველაფერში თანამონაწილეობა არის ამორალური საქციელი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერების დონეზე მთლიანად კრიმინალებისგან შედგება.
„მთლიანობაში ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. კეზერაშვილი არის აქ ერთ-ერთი კრიმინალი. პოლიტიკური პარტია ლიდერების დონეზე მთლიანად კრიმინალებისგან შედგება. კეზერაშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, თითოეული მათგანი არის უმძიმესი კრიმინალური წარსულის მქონე. პარტია, ლიდერების დონეზე, მთლიანად კრიმინალებისგან შედგება. კეზერაშვილის ფაქტორი აქ საერთოდ არაფერს ცვლის. საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს „ნაცმოძრაობის“ არსზე და კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არაერთხელ მიიღო არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება.
„იცით, რომ წარმატებული გამოძიება ჩატარდა გერმანელ კოლეგებთან ერთად. საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა ამ გამოძიებას, რაზეც დაახლოებით ორი თვის წინ ჩატარდა შესაბამისი ბრიფინგი. რაც შეეხება კეზერაშვილის ევროპაში შესაძლო დაკავებას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს არის ევროპელი სამართალდამცავების საქმე.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობდა ის, რასაც ჩვენ ვეძახდით გლობალურ ომის პარტიას. ანუ მას ჰქონდა ეს მფარველობის პრივილეგია გლობალური ომის პარტიის მხრიდან. ეს მფარველობა თუ საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ დააღწიოს თავი მართლმსაჯულებას, არ ვიცი, შეიძლება, ასე მოხდეს, ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.