პოლიტიკა
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.

კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და დღესაც საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გაივლის რეგისტრაციას.

შევატყვე, გუშინ ცოტა არითმეტიკა აგერიათ და 51-ად თვლიდით საკუთარ თავს, ერთი რეგისტრაცია გახლდათ ჩემი რეგისტრაცია, როგორც სხდომის თავმჯდომარის. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო უმრავლესობამ, ამავე დროს, როგორც სხდომის თავმჯდომარე, გავდივარ რეგისტრაციას, რადგან შემდეგ საჭიროა მათ შორის, სხდომის დახურვაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საბოლოოდ, რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 52-მა წევრმა. შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციისა და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს.