სამართალი
ალექსანდრე რაქვიაშვილი უმრავლესობას: იმდენად გენანებათ 30 მლნ ლარი, რომ გინდათ ათასობით ადამიანი ძალით წაიყვანოთ ჯარში, ეს არის პატრიოტიზმი?

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „ადამიანები ახლა ნებაყოფლობით მიდიან ჯარში. ჩვენი დამსახურებაა, ბიბლიური თავისუფლების, რომ ყველა ვინც მიდის მართლა ფიცს დებს, იმიტომ, რომ ეს ნებაყოფლობით არის. ფიცის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მაგრამ, როგორც კი ბიბლიური თავისუფლება ვეღარ დაეხმარება და ძალით წაიყვანთ, ციხით დაემუქრებით ადამიანებს, ამიტომ წავლენ ისინი ჯარში“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თავდაცვის კოდექსი არის პოლიტიკური პროექტი, რომლის შემუშავებაში ჩართულია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საქართველოს მთავრობა.

მოგვეწვია გენერლები და გვეკითხა, რა ჯარი უნდათ. გვეკითხა რამდენი ბიუჯეტი უნდა გამოვყოთ ამისთვის. თქვენ იმდენად გენანებათ 30 მილიონი ლარი, რომ გინდათ ათასობით ადამიანი ძალით წაიყვანოთ ჯარში. ეს არის პატრიოტიზმი? ეს არაფერ შუაში არ არის პატრიოტიზმთან, ჯართან, თავდაცვასთან, ეს არის პოლიტიკური პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ იყოს განხორციელებული და მართლა თავდაცვაზე დავიწყოთ საუბარი“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.