უცხოეთი
კრემლი - ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, - აცხადებენ კრემლში.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით - პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, - განაცხადა პუტინმა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე.

interpressnews.ge