საზოგადოება
აშშ-ს ელჩი: „აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს“

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, 13 აპრილს „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა ბოლო დროის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებს, აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პრესპექტივას და ა.შ.

ელჩმა აღნიშნა, რომ მას „არ ჰქონია სრული ისტორიის მოსმენის შანსი“. მან დაამატა, რომ ეს არის მაგალითი და შეხსენება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და კომპეტენტური ორგანოების არსებობა, მსგავსი ბრალდებების განხილვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

ქართველი მოსამართლეების სანქცირებასა და „ქართული ოცნების“ წევრების გადმოცემით დეგნანის მიერ სანქციების „სავიზო შეზღუდვებად“ განმარტებასთან დაკავშირებით კითხვაზე ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ს კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია თუ რას ნიშნავს ამ ოთხი მოსამართლის დასახელება. მან თქვა: ”როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომ ადამიანები არიან ჩართულნი კორუფციულ ქმედებებში, არ აქვს მნიშვნელობა რა ტერმინს იყენებთ, შედეგი იგივეა: ამ პირებს არ აქვთ აშშ-ში შესვლის უფლება”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმის შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს კორუფციულ ქმედებებზე სანდო ინფორმაცია მიეწოდა, ის აშშ-ის კანონმდებლობით ვალდებული იყო დაეწესებინა მოცემული სავიზო შეზღუდვები. მან ასევე თქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ამ ბრალდებებზე, საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, საკუთარი გამოძიების დაწყება, ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია და დასძინა: ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა წარმოაჩინონ საქართველოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს დაცვის მიმართ”, და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 2011-2012 წლებში სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფას ჰპირდებოდა ამომრჩევლებს.

მოსამართლეთა სანქცირების პროცესში აშშ-ის ხელისუფლების შეცდომის/დეზინფორმირების ალბათობის შესახებ

კელი დეგნანმა თქვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ არსებული ბრალდებები არ შეესაბამება სიმართლეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ინფორმაცია ანტონი ბლინკენთან მივიდოდა, მისი სანდოობა და სიმტკიცე სიღრმისეულად იქნა გამოკვლეული. მან ასევე დაამატა, რომ ამ ინფორმაციის უმეტესი ნაწილი საჯაროა და ფართოდ არის ცნობილი უკვე წლების განმავლობაში.

ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ მთავრობასთან ერთად იმუშავა სასამართლო რეფორმის 4 ტალღაზე და მიაღწია პროგრესსაც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისთვის, რომლებიც ამ სასამართლო სისტემას გარდაქმნის ჭეშმარიტად დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ სასამართლო სისტემად“. მან დაამატა, რომ საქართველოში ბევრ შრომისმოყვარე და პროფესიონალ მოსამართლეს შეხვდა, რომლებსაც მუშაობა პოლიტიკური ჩარევის გარეშე სურთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ნათელია, ვენეციის კომისიის 5 მოხსენებით ან სხვა სამართლებრივი ექსპერტიზით გათვალისწინებული რა ნაბიჯები რჩება გადასადგმელი, რათა „ქართველ მოსამართლეებს საშუალება მიეცეს შეასრულონ თავიანთი სამუშაო ისე, როგორც მათ სურთ“.

პასუხი საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევაზე

კელი დეგნანმა თქვა, რომ ეს ამ გადაწყვეტილების არასწორი განმარტებაა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არ ეხება საქართველოს სასამართლო სისტემას, როგორც ასეთს ან პოლიტიკურ პარტიებს, არამედ „საუბარია ამ 4 პიროვნებაზე“, რომლებიც ელჩის თქმით „ბლოკავენ საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, რადგან მონაწილეობენ მოსამართლეების იძულებაში, დანიშვნების მანიპულირებაში…” და ა.შ. მისი თქმით, ეს არის ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ბლოკავს წინსვლას ქვეყნის სასამართლო სისტემის გაძლიერების გზაზე. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფუნდამენტურად დემოკრატია ეყრდნობა სასამართლოს დამოუკიდებლობას“ და განმარტა: „თუ არ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, საზოგადოებას არ აქვს ნდობა სამართლიანი არჩევნების და რომ მას შეხვდება სამართალი სასამართლოებში“. ელჩმა დასძინა: ”ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს მუშაობა მთავრობასთან, სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში”. მან აღნიშნა, რომ ეს არის პრიორიტეტი აშშ-სთვის და საქართველოსთვის, ასევე ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოთხოვნა და 12 პრიორიტეტის ნაწილი.

სანქციების გაფართოების ან სხვა პირთა მიმართ ახლი სანქციების დაწესების შესახებ

ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ წინასწარ არ განიხილავს თავის სანქციებს.

შეიძლება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ აშშ დაადანაშაულოს მისი იმიჯის შელახვაში:

ელჩმა თქვა: „არ ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკურია“.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა, რათა 12 რეკომენდაციისადმი ერთგულების დემონსტრირება მოხდეს „ჭეშმარიტად ქმედითი ნაბიჯებით, რათა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აღარ ჰქონდეს მიზეზი, არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი [საქართველოს] და ჰქონდეს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს წინსვლას ევროკავშირის წევრობის გზაზე“.

„ქართული ოცნების“ მიერ ისეთი იარლიყების გამოყენების შესახებ, როგორიცაა „სატანისტები“, „ლიბერალ ფაშისტები“, ლგბტ პროპაგანდა, „ეკლესიის მტრები“

ელჩმა თქვა, რომ „ადამიანების “ლეიბელინგი” და სტიგმატიზაცია სრულიად არასწორია“. მან დასძინა, რომ ეჭვგარეშეა, რა სურს საქართველოს ხალხს და ეს მათ მშვიდობიანად გამოხატეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ქვეყნის სხვა ნაწილებში. მან დასძინა, რომ ნებისმიერი მთავრობა უნდა პასუხობდეს ხალხის ნებას.

რა არის მისი აზრით „მეორე ფრონტის“ რიტორიკის მიზანი

კელი დეგნანმა თქვა, რომ არ სურს მიზნის შესახებ სპეკულირება, მაგრამ შედეგი არის ხალხის დაშინება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის „სენსიტიურ სიტუაციაში“, რადგან მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროპაგანდა, რომელიც შექმნილია ხალხის დაშინების მიზნით, არის ძალიან საშიში და შეუსაბამო“ მან აღნიშნა, რომ ეს არის „იგივე პროპაგანდა, რაც გვესმის რუსეთისგან“ და მისი მაღალი რანგის ოფიციალური პირებისგან.

დეგნანმა განაცხადა, რომ როდესაც რუსული რიტორიკა თბილისში ისმის, ყველამ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს იდეა სრულიად ცრუა და ევროკავშირი, აშშ და ნატო ომის გაფართოვების ნაცვლად, მის შეჩერებას ცდილობს. მან დასძინა, რომ ეს რიტორიკა არალოგიკურია, ვინაიდან აშშ-მა 30 წლის განმვალობაში იმუშავა საქართველოში თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა სფეროების გასაძლიერებლად.

არის თუ არა ეს რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი დასავლეთის დისკრედიტაციის მცდელობა

ელჩმა თქვა: „ძალიან სამწუხაროა, როცა გვესმის, რომ მმართველი პარტიის წევრები იმეორებენ ანტი-დასავლურ, პრო-რუსულ პროპაგანდას“.

მან დასძინა, რომ მას უნახავს პრორუსული პროპაგანდა სხვადასხვა წყაროდან, რომელიც მიზნად ისახავს შეარყიოს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა აშშ-სა და საქართველოსა და საქართველოსა და მის ევროკავშირის მომავალს შორის. მან ხაზგასმით აღნიშნა: „მაგრამ ქართველმა ხალხმა ისევ და ისევ ცხადყო, რომ მათი არჩევანი ევროპაა“. მან დასძინა, რომ ეს არის გზა, რომელზეც საქართველო საუკუნეების მანძილზე დგას და თვლის, რომ ის ფაქტი, რომ საქართველომ შეინარჩუნა თავისი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა, ენა და კულტურა, აჩვენებს ერის ერთგულებას თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისადმი.

წარსული განცხადება სააკაშვილის დაკავებასა და მისი საქმის საქართველოს სასამართლოს გამოცდად გადაქცევაზე

დეგნანმა განაცხადა: ”ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ სახალხო დამცველის აპარატის უახლესი მცდელობებით, რომლებიც იუწყებიან მისი მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობად რჩება, ყოფილი პრეზიდენტისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების, ასევე მისი მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.

რამდენად რეალურია მედიასთან დაკავშირებული ევროკავშირის პირობების შესრულება ნიკა გვარამიას გათავისუფლების გარეშე

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა თავიდანვე დააყენა გვარამიას საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ. მან ასევე გაიხსენა სახალხო დამცველის განცხადება, რომლითაც გვარამიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის აუცილებლობას, რათა ამ სახის პოლიტიკური დევნა აღარ ხორციელდებოდეს. მან დასძინა, რომ ამ კონკრეტულ საქმეს ამძიმებს ის, რომ ის არის ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი და აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ, რომ მედია სივრცე ვიწროვდება ბოლო ორი წლის განმავლობაში“.

შეიძლება თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს აშშ-ს მიერ საქართველოს დახმარებაზე

ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ სარგებლობს ძალიან ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ს კონგრესში, „რომელიც ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს, რადგან ჩვენი მხარდაჭერა მიემართება ქართველ ხალხს“. მან ასევე თქვა, რომ “არსებობს გარკვეული შეშფოთება იმის შესახებ, თუ რა გზას ადგას საქართველო” და დასძინა: “მაგრამ კონგრესს და სახელმწიფო დეპარტამენტს ესმით, რომ ეს რთული პროცესია”. მან აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა, ჩვენ გვაქვს ძლიერი გამოცდილება, ქართველი ხალხის ინტერესებში არსებული მიზნების ერთობლივად მიღწევის“.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა: „გარწმუნებთ, რომ აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და იმედი მაქვს, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ მიატოვებენ აშშ-ს“.

ნომინირებული ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ:

კელი დეგნანმა თქვა: „ის არის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი“ და დასძინა, რომ ელჩი დუნიგანი არის „ძალიან გამოცდილი“, „იცნობს რეგიონს“ და „ძალიან მოხარულია საქართველოში ჩამოსვლით“.

წყარო: civil.ge