სამართალი
ტოტემური ცაცხვის დაზიანება აფხაზეთში პოლიტიკურ თემად იქცა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. სოხუმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაასრულა იმ ზიანის გამოძიება, რომელიც აფხაზი ერის სულიერ სიმბოლოდ მიჩნეულ 150 წლის კავკასიურ ცაცხვის ხეს მიაყენეს. აფხაზი ხალხის თავშეყრის ადგილას, ლიხნის მდელოზე მდებარე ხეს 5 აპრილის ღამეს ბენზოხერხით დაზიანება მიაყენეს. დაზიანების ამსახველი ვიდეო „ტელეგრამის“ არხებზე 6 აპრილს გავრცელდა, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დაგმო ეს ქმედება და მას „ვანდალიზმისა“ და „ტერორიზმის“ აქტი უწოდა.

7 აპრილს ბჟანიამ შემთხვევის ადგილი მოინახულა და სამართალდამცველებს ინციდენტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. 11 აპრილს იგი ადგილობრივი უშიშროების სამსახურის უფროსს, რობერტ კიუტს შეხვდა, რომელმაც უთხრა მას, რომ ორი ადგილობრივია იდენტიფიცირებული და დაკავებული. ეჭვმიტანილების ვინაობა ოფიციალურად არ დასახელებულა მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური „ტელეგრამის“ არხების ინფორმაციით, ვანდალური ქმედება ოჩამჩირის რაიონის მაცხოვრებელმა ძმებმა ბაგათელიებმა ჩაიდინეს. კიუტმა განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა პოტენციურ მოტივებს იკვლევენ, მათ შორის უცხოური დაზვერვის სამსახურებისა და ინდივიდუალური პირების ჩართულობას, რომლებიც „სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს უკანონო ჭრისა და ვანდალიზმის ბრალდებებს წაუყენებენ, რის შედეგადაც მათ შესაძლოა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ. ვრცელდება სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ძმები შესაძლოა რეგიონის ყოფილმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მისი კონკურენტის, მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას წინააღმდეგ გამოიყენა.

რომან დბარმა, ადგილობრივმა ეკოლოგმა და მკვლევარმა, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზიანებული ხე გადარჩეს. მისი თქმით, ინციდენტი არის „ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც ჩვენი ხალხის სულიერი ფასეულობების შელახვაა“. მისი გადარჩენის მიზნით, დბარმა შესთავაზა ხის 100-150 მოკლე, ფანქრის სისქის ტოტების დამზადება და მთელ წრეზე ხიდის მაგვარად გაჭრის ადგილას დაფიქსირება. კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბოტანიკოსმა, სერგეი ბებიამ განაცხადა, რომ ხე უნდა მოიჭრას.

აფხაზი მეცნიერების თქმით, ცაცხვის ხე 147 წლისაა, 19 მეტრის სიმაღლისაა, ორ მეტრზე მეტი დიამეტრისაა, ხის ღეროს გარშემოწერილობა 6,3 მეტრს აღწევს. ისტორიულ ლიხნის მდელოზე სამი ცაცხვის ხეა, რომლებიც აფხაზი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, სადაც ისინი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან. 1989 წლის 18 მარტს ლიხნის მდელოზე 35 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, სადაც აფხაზეთის საქართველოდან გასვლის საკითხი იქნა განხილული. ომის დროს, 1992 წლის ოქტომბერში იმავე მდელოზე აფხაზურ-აბაზური კონგრესი ჩამოყალიბდა.