საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვლადიმერ კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს.
"ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც მითქვამს. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით“, - განუცხადა მან გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოს.
უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ გაკრიტიკების გარდა 41 წლის კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი მთავრობის მიერ განსხვავებული აზრის დევნის შესახებ.
ვლადიმერ კარა-მურზა ერთი წლის წინ მოსკოვში, პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. მოგვიანებით კი უფრო მძიმე ბრალდებები წაუყენეს. კარა-მურზას საქმე ნაწილობრივ ეფუძნებოდა შარშან, აშშ-ში პოლიტიკოსების წინაშე წარმოთქმულ სიტყვას, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს და სამშობიაროებსა და სკოლებს ბომბავს, ომის დანაშაულებს სჩადის.