სამართალი
მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში პრომეთეს ჯილდო მიენიჭა

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და მკურნალობას გადის კლინიკა “ვივამედში”, 12 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პრომეთეს ჯილდო მიენიჭა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელობის ჯილდო სმოლენსკის ტრაგედიის მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სააკაშვილის დედას გიული ალასანიას და ექს-პრეზიდენტის მეგობარს, ბერნარ ანრი ლევის გადაეცათ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც ჟიურის წევრი იყო, მიესალმა სააკაშვილს „მეგობრობისა და იდეალებისადმი გამოჩენილი ერთგულებისთვის“ და პირობა დადო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მან მკურნალობა გაიაროს პოლონეთში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამ მიზნით კი განაგრძელებთ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე“.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის მეგობრობაზე ისაუბრა.

სააკაშვილის მეგობარმა, ბერნარ ანრი ლევიმ საკუთარი იდეალების მიმართ ექს-პრეზიდენტის ერთგულებას გაუსვა ხაზი და უკრაინაში მის მუშაობაზე ისაუბრა. მან თავი მიუძღვნა უკრაინას და მოქმედებდა როგორც უდიდესი უკრაინელი პატრიოტი. მან იგივე ენერგიით მიუძღვნა თავი უკრაინას, როგორც ამას საქართველოში აკეთებდა“, – დასძინა მან.