პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან ჯამში 123 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო.

გამოძიება ცალკე ეპიზოდად მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს მასმედიით გავრცელებული ვიდეოკადრების მონიტორინგის შედეგად სამსახურის მიერ გამოვლენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 91 მოქალაქე (მათ შორის 19 ჟურნალისტი).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები;

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის შესაძლო გადამეტების საკითხის შესწავლის და ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცავების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტიდან, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებული სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან (საერთო ჯამში 37 ობიექტიდან) გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 3 000-ზე მეტ საათს, რომლის შესწავლაც და საგამოძიებო ჯგუფის მიერ მათი საგამოძიებო წესით დათვალიერება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გარდა ზემოხსენებულისა, მოპოვებულია სასამართლოს განჩინებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, გამოძიებისთვის საინტერესო (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების, ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტომანქანების ბორტის ვიდეორეგისტრატორების და პატრულ ინსპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები) სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე, რომელიც გადაგზავნილია აღნიშნულ დაწესებულებებში და მიმდინარეობს ჩანაწერების მომზადება. ასევე, მოპოვებულია სასამართლოს განჩინებები 7 ტელეკომპანიიდან აქციის მიმდინარეობისას გადაღებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვის ნებართვის თაობაზე; კერძო პირთაგან გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერების გამოთხოვისა და სხვა ობიექტების ამოღების თაობაზე, რომლებიც ასევე არის შესრულების პროცესში. ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერების და მასალების საპროცესო წესით სისხლის სამართლის საქმეში დამაგრების შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი მოახდენს მათ დეტალურ შესწავლას და დათვალიერებას.

ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილზე განთავსებული საჯარო დაწესებულების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობა (DVR) ტექნიკურად იყო დაზიანებული და მასზე წვდომა ტექნიკური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა, მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად;

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვინაობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა.

მოწმეთა ბაზის შექმნის და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით:

სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, ვინც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

სასამართლოს განჩინების საფუძველზე სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ მიმდინარეობს იმ პირთა სამედიცინო ბარათების ამოღება, ვისაც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა.

კერძო კლინიკებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. მათ შორის სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნათ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს (პირადი წარდგენით) და ნიკა მოსიაშვილს (სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე).

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ეპიზოდთან დაკავშირებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების დადგენა, დაზუსტების მიზნით ორჯერ გამოიკითხა ზაზა ბიღიაშვილი;

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ზაზა ბიღიაშვილის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, ობიექტური შემოწმების მიზნით, ექსპერტის წინაშე პირადად იქნა წარდგენილი და შემოწმებული იგი;

სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია;

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-გვერდიდან მოპოვებული და სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერება, რათა დაიდენტიფიცირდეს და დადგინდეს კონკრეტული გარემოებები, რა ვითარებაშიც ზაზა ბიღიაშვილმა მიიღო დაზიანებები.

გამოძიების მიერ გამოკითხული არიან სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ის თანამშრომლები, რომლებიც 2023 წლის 8 მარტს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე გამოცხადდნენ;

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ და სამოქალაქო კლინიკიდან ამოღებულია ზაზა ბიღიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნული საქმეების გამოძიებას ღიად და გამჭვირვალედ აწარმოებს. სამსახური 2023 წლის 7-9 მარტს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც უთითებენ სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე, აძლევს სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას. ასევე, მოქალაქეებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატს მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში სამსახური გაატარებს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“,- აღნიშნულია განცხადებაში.