პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის, არც ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ასევე დეპუტატ ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრებაზე.

ეს იყო ძალიან დიდი უხერხულობა და ოპოზიციის მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნა. დილით სხვა ინფორმაცია გვქონდა, საღამოს სხვა გავიგეთ. მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის, არც ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციამ პრეზიდენტს 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.