საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 125 ათასი ტონა არის დაგეგმილი”, - განაცხადა ჟუმანგარინმა.
მისი თქმით, ბაქო ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტებსაც სთავაზობს.
კერძოდ, ბაქო-სუფსას მილსადენის გამოყენებას და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებში მიწოდებას. მინისტრის თქმით, ყაზახეთის მიერ ახლა ბაქო-სუფსას მილსადენის ტექნიკური მახასიათებლების გამოთვლა მიმდინარეობს.
“გუშინ საკმაოდ მკაფიოდ განიხილებოდა გაერთიანებული საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც ამ სატრანზიტო მარშრუტზე ერთიანი ოპერატორი იქნებოდა, გამჭოლი ტარიფით, ტრანზიტის იაფი შესაძლებლობებით, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით”, - აღნიშნა ჟუმანგარინმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 21 მარტს ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ისტორიაში პირველად პირდაპირ მიაწოდა ნავთობი აზერბაიჯანს.