როგორც საქინფორმს ზუგდიდიდან შეატყობინეს, წალენჯიხის პოლიციის უფროსმა ლაშა ექონიამ ორ პოლიციელთან ერთად ზუგდიდში უდანაშაულო მოქალაქე ალიკა სართანიას სცემა.
პოლიციელი ლაშა ექონია მოქალაქე ალიკა სართანიას მიმდინარე წლის 25 ივნისს, 04:00 საათზე, ტელეფონით დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. სართანია უცნობს დილისთვის შეუთანხმდა. ექონია სართანიას სახლთან საკუთარი ავტომობილით 09:00 საათზე მივიდა, მანქანაში ჩაისვა, შემდეგ კი ორი პოლიციელი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან აიყვანა და ზედაეწრის ტყისკენ წავიდნენ.
დაზარალებულის დედა, მადონა ხვიჩია, დაპირისპირების მიზეზად ეჭვიანობას ასახელებს. მის შვილს ღამით კბილი ასტკიებია და ექიმისთვის დაურეკავს, რომელსაც ვიზიტზე დილისთვის შესთანხმებია. ტელეფონზე დაფიქსირებული ღამის ზარი ექიმის მეუღლისთვის საკმაო მიზეზი აღმოჩნდა შურისძიებისთვის.„პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა, სამმართველოსთან კიდევ 2 პოლიციელი აიყვანა და ზედაეწრის ტყეში წაიყვანა. შემდეგ სასიკვდილოდ უცემიათ, საბარგულში ჩაუგდიათ და კოლხიდას ტყეში დაუგდიათ. ცემის დროს ქამრით შეუკრავთ ხელები, პისტოლეტი ჩაუტენიათ პირში და უთქვამთ – თუ კიდევ გაბედავ სოფოსთან დარეკვას, ტვინს გაგასხმევინებთო“, – განმარტავს დაზარალებულის დედა.
მისივე თქმით, უგონოდ მყოფი მისი შვილი მიკროავტობუსის მძღოლმა შემთხვევით ნახა და საავადმყოფოში მიიყვანა. სამართალდამცველმა ექონიამ ნაცემი ალიკა სართანიას სანახავად მეუღლეც მიიყვანა.
სოფელ ზედაეწრის ტყეში პოლიციელების მიერ უმოწყალოდ ნაცემი 26 წლის ალიკა სართანია წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში სამი დღეა, მკურნალობს, სადაც კიდევ ერთ კვირას დარჩება. მას სხეულის ყველა არეში დაჟეჟილობები და ტვინის შერყევა აღენიშნება.
დაზარალებულის დედა ორი დღეა, პროკურორსა და სამხარეო პოლიციის შეფ თენგიზ გუნავასთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა – ამაოდ. მადონა ხვიჩიამ ორი დღის წინათ სამხარეო პოლიციაში განცხადებაც დატოვა, მაგრამ მის შვილთან დაკითხვის მიზნით ჯერ არავინ მისულა.