საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, მოსავლის აღების შემდგომ დარჩენილი ნაწვერალის დაწვის მიზნით ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, სანქციები მკაცრდება. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა არჩილ ადამიამ წარადგინა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში იმატა სავარგულებზე ნარჩენი ნაწვერალის გადაწვის შემთხვევებმა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, თითოეულ გადამწვარ ჰექტარზე, ფიზიკური პირები 1000 ლარით, იურიდიული პირები კი 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამავე პროექტით არის გათვალისწინებული, სახერხი საამქროების ვალდებულებას შეეხება. კერძოდ, სახერხი საამქროების მიერ დამუშავებული მორის სპეციალური საკონტროლო ფირნიშის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, აქამდე არსებულ 500-ლარიან ჯარიმას, თითოეულ მორზე კიდევ 50 ლარი დაემატება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.