სამართალი
არჩილ თალაკვაძე: კლასიკური ავტომობილები არ წარმოადგენს ყოველდღიურ ტრანსპორტს, ეს არის კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკის, სარეკლამო ბიზნესის ნაწილი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილეს. კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.

ცვლილების თანახმად განისაზღვრება კლასიკური ავტომობილის ცნება. ასევე, კანონს ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმები და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლები. დარეგულირდება აღნიშნული ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ჩვენ კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით ცალკე კატეგორიად იყოს განსაზღვრული და დაცული ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც არის კლასიკური ავტომობილები. ევროპაშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ასეთი ავტომობილები ცალკე კატეგორიად არის განსაზღვრული, მათზე სპეციალური შეღავათები ვრცელდება, ზოგან გათავისუფლებულიც არის გადასახადებისგან, ვინაიდან ასეთი ავტომობილები წარმოადგენს არა ყოველდღიურ ტრანსპორტს, არამედ ესაა: კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკის, სარეკლამო ბიზნესის ნაწილი. საქართველოშიც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და შემთხვევა გვახსენდება, როდესაც კლასიკური ავტომობილები სწორედ ამ მიზნებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსშიც.

კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.