სამართალი
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს, მის გასათავისუფლებლად დამატებითი სანქციები დააწესონ

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, განახორციელონ დიპლომატიური ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, დაუწესონ ეკონომიკური სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წერილში, რომელსაც გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

წერილში სააკაშვილი აცხადებს, რომ ის სიკვდილის ზღვარზე იმყოფება.

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ მას სისტემატურად აწამებდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მძიმე მეტალები.

სააკაშვილი წერს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის გარეშე, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოკვდება.

„ჩემმა სიკვდილმა შეიძლება, გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი მოწამეობა, ნამდვილად ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად – ეს იქნება ძლიერი სიგნალი ყველა ლიდერისთვის და, შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის, ვინც წინ ვერ აღუდგა რუსულ იმპერიალიზმს. თუმცა, თუ აშშ-ის კონგრესსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლიათ, იმუშაონ ევროკავშირთან, რათა მოხდეს ჩემი გათავისუფლება სანქციების, ეკონომიკური ემბარგოების, დაფინანსების შეჩერებისა და სავიზო შეზღუდვების გზით, ეს იქნება არა მხოლოდ კიდევ ერთი დარტყმა პუტინისთვის, არამედ ეს იქნება ძლიერი სიგნალი, რომ აშშ და ევროპა რჩება დემოკრატიის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის იდეალების ერთგული. იდეალებისა, რომლებსაც, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა მითხრა, შემიძლია, დავეყრდნო“, – წერს სააკაშვილი.