სამართალი
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ერთი დიდი ნაწილის გეგმები უკავშირდება ხელისუფლების დამხობას

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ არა არჩევნების, არამედ რევოლუციური სცენარების განვითარების გზით, ამისთვის იყენებენ გარკვეულ ენთუზიასტებს, ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარი კარიერა ააწყონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების ჩატარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები სურამში ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარების თემაზე ატრენინგებენ“.

სარჯველაძის თქმით, ეს არის ოპოზიციის ერთი დიდ ნაწილის დესტრუქციული, დამხობის გეგმის ლოგიკური გაგრძელება.

სამწუხაროდ, ყველა დროში და საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, არა სამართლიანი, არამედ მოკლე გზა აირჩიონ მათთვის ხელსაყრელი სურვილების დაკმაყოფილებისთვის. ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, სურვილი აქვთ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ ცდილობენ, ამას მიაღწიონ არა არჩევნების გზით, რომელიც ერთადერთი თავსებადი მოდელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, არამედ რევოლუციური სცენარების განვითარების გზით. ამისთვის „წარმატებით“ იყენებენ გარკვეულ ენთუზიასტებს, ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, საკუთარი კარიერა ააწყონ და, შესაბამისად, საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. ამ მოვლენებს ვადევნებთ თვალს, სამწუხაროდ. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდებს მოვუწოდებდეთ, სწორი კრიტერიუმებითა და პრინციპებით განვითარდნენ, ასწავლიან ისეთ რამეს, რაც მაინც და მაინც დემოკრატიასთან თავსებადი არ არის. ეს რბილად რომ შევაფასოთ. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ დესტრუქციული გეგმების, რაც აქვს ოპოზიციის ერთ დიდ ნაწილს. ეს გეგმები უკავშირდება დამხობას. ხვდებიან, რომ ამისთვის არც ინტელექტუალური და არც სხვა რესურსი არ გააჩნიათ, რაც მთავარია, სამართლიანობა არ არის მათ მხარეს, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.