საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 5 აპრილის განცხადებას ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა და თქვა, რომ „განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“. ქართულ სასამართლო სისტემის პოლიტიზების მცდელობაზე ვრცლად საუბრის შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კანდიდატის სტატუსზე და საქართველოში კვლავ „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე ისაუბრა მანვე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გააკრიტიკა და 7-9 მარტის საპროტესტო აქციებისას „მოძალადეთა“ დასჯის აუცილებლობაც კიდევ ერთხელ აღნიშნა.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ქართველ მოსამართლეთათვის სანქციების დაწესების უკან „კორუფციული პროცესები“ დგას, რაშიც „განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი, [ენტონი ბლინკენი] გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“. „[ეს] არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე“, – ხაზი გაუსვა მან.
„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოს ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ „არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“.
ამის შემდეგ, მან „უცხოელი აგენტების ხელით“, ზოგადად, სასამართლო სისტემის „სტიგმატიზების“ მცდელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „მაღალ დონეზეც აწიეს ეს ყველაფერი“. „ტერმინები გამოიყენება, მათ შორის, კლანი, ახალი ტერმინი შემოიტანეს – კორპორატივიზმი და ა.შ. ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა, საბჭოური მეთოდებით ცდილობენ დაბრენდონ სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დასძინა, რომ „აქაც არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მოხდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა“.
სასამართლო სისტემის პოლიტიზების მცდელობის ერთ-ერთ მაგალითად მან დასავლელი პარტნიორების მხრიდან პარლამენტში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ოპოზიციის 2/3-ის მხარდაჭერით მიღების შესახებ მოთხოვნა დაასახელა, რისი მიზანიც კობახიძისვე თქმით, „პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ „ნაც. მოძრაობას უნდა ჰქონოდა საკონტროლო პაკეტი ხელში. „ნაც. მოძრაობის“ გარეშე არ უნდა მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა, მაგალითად“.
„ეს ყველაფერი აჩვენებს, მათ შორის, ეს ბოლო განცხადება, რომ სახელმწიფოდ არ გვიყურებენ, არ ცნობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, აშშ-მა მოსამართლეებს სანქციები „ნული მტკიცებულების“ საფუძველზე დაუწესეს. „ნული მტკიცებულება, გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია? თუ დანაშაულია ჩადენილი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრა… კარგი, NGO-ების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადეობას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობ?“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მანვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისდროინდელი სასამართლო სისტემა გაიხსენა, რომელსაც მისივე თქმით, ორი ადამიანი – ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი მართავდნენ, რომლმებმაც „გადაავსეს ციხეები, ბიზნესის რეკეტის ინსტრუმენტად იყო ქცეული [სასამართლო] და ერთი ადამიანი გახსოვთ დასანქცირებული, მაშინ?“.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში და თუ ვინმეს ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინასა და ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა – „მერე დაგველაპარაკონ ჩვენ… ჩვენ მხარეს არის სიმართლე, მათ მხარეს არ არის სიმართლე, ეს არის მთავარი“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მათ „სხვა თემებიც“ აქვთ, რაზეც ამ მომენტში საუბარი არ სურს, თუმცა, „მომავალში დადგეს ამის დრო“. „…ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის, სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს“, – ხაზი გაუსვა მან და მოუწოდა ყველას „დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად“.
„დაგველაპარაკონ წესებით, ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე… ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი მთავარი პოზიცია“, – თქვა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი“.
სასამართლო სისტემაზე საუბრის ბოლოს, ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს, თუ რა რეაგირება ექნება ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე, თუმცა ყველას, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, პირობა მისცა, რომ „ვერცერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ჩვენ არასდროს არ დავუბრუნდებით იმ წარსულს, რომელიც მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან, როდესაც ნაც მოძრაობის ხელით იმართებოდა სასამართლო სისტემა“.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი ივნისის ბოლოსთვის, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას ბოლომდე მიიყვანს და სტატუსის მიღება მხოლოდ ევროკავშირზე იქნება დამოკიდებული. „ივნისის ბოლომდე ჩვენ ვიქნებით ბოლომდე გასწორებლნი, პირნათელნი“, – დასძინა მან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და მასზე მმართველი გუნდი წინასწარ ვერ „იმარჩიელებს“. „პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველაზე კარგ შემთხვევაში, არის 50/50-ზე, ამიტომ უნდა დაველოდოთ დეკემბერს, როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, – განმარტა მან.
მანვე ისიც განმარტა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისთავად „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ იქნება, თუმცა დასძინა, რომ „საზოგადოებას ატყუებდნენ ამ გადაწყვეტილების შედეგებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქვეყანა აყვავდებოდა სტატუსის მიღებისთანავე“. „რაც იყო ტყუილი, კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავდა არავითარ ეკონომიკურ თუ ფინანსურ სარგებელს“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „რადიკალური ოპოზიცია“ ქვეყანაში პროცესების „არევისა“ და უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართვის მცდელობებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ „საქართველოს უკრაინიზაცია არის საბოლოო მიზანი“. კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია ამის საბაბად „კანდიდატის სტატუსის“ გამოყენებას ცდილობს, რისთვისაც ამ კუთხით საზოგადოებაში მოლოდინებს წევს. „აწეული მოლოდინის ფონზე მათ იმედი აქვთ, რომ არ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და ამ ფონზე უნდათ ქვეყნის არევა“, – თქვა მან.
კობახიძისვე მტკიცებით, ისინი სწორედ ამისთვის „ამზადებენ ახალგაზრდულ ჯგუფებს, აიარაღებენ მათ მოლოტოვის კოქტეილებით, ამზადებენ ქვების დასაშენად, მანქანების დასაწვავად და ა.შ.“. „თუმცა [მათ] აუცილებლად ჩაუვარდებათ ნებისმიერი დესტრუქციული გეგმა… ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სიმშვიდე“.
ამის შემდეგ, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რაღაც კუთხით შესაძლოა, ხელისუფლებისთვის „მომხიბვლელიც“ ყოფილიყო, რადგან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, „წითელ ხალიჩებზე“ ივლიდნენ „გმირების კოჰორტის“ შემადგენლობაში იქნებოდნენ, მაგრამ „უკრაინიზაცია არ იყო ის, რაშიც შეიძლება გაგეცვალა წითელი ხალიჩა კონგრესში თუ თემთა პალატაში“.
ამ კონტექსტში მან 2022 წლის თებერვალში, მისი და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გაიხსენა, სადაც მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უთხრა, რომ „აგერ ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. „სახტად დავრჩი“, – დაამატა მან.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მაშინ პრეზიდენტი, როგორც, ზოგადად, მთელი საზოგადოება „აჟიტირებული“ იყო და „დღესაც ასე არ ფიქრობს“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს უცნაური განცხადებები ახასიათებს ხოლმე, „თუმცა იმედი მაქვს, რომ უკადრებელს არ იკადრებს და რაღაცებში მაინც პრინციპებს აჩვენებს“. „ბევრი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ კრიტიკულ მომენტებში ის მაინც დაიკავებს სახელმწიფოებრივ პოზიციას“, – დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ 7-9 მარტს, „უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე საუბრისას თქვა, რომ ხელისუფლება პარლამენტზე შტურმს ვეღარ დაუშვებს და საჭიროა, რომ „კანონი აღსრულდეს ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც უმძიმეს ძალადობაში არის ეჭვმიტანილი“.
მისივე თქმით, აქციაზე პოლიციელი დასაწვავად გაიმეტეს, სახელმწიფო ქონება გაანადგურეს, შენობებს მიაყენეს ზიანი და ქვებს უშენდნენ პოლიციელებს, რის შედეგადაც „ათეულობით სამართალდამცველი“ დაზიანდა. „აქ თუ არ იქნება სათანადო რეაგირება, ამას ექნება ანტიპრევენციული ეფექტი“. მისი მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს იმიტომ ესარჩლებიან, რომ „ისინი მათი ჩანაფიქრის აღსრულებას ემსახურებოდნენ, მათი კოორიდინაციით ხდებოდა ექსტრემისტული ქმედებების დაგეგმვა“.
ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ ახსენა მოძრაობა „სირცხვილია“, პარტია „დროა“ და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინი კლუბი“. კობახიძის თქმით, ეს ადამიანები უპირისპირდებიან და რცხვენიათ ყველაფრის, რაც დაკავშირებულია „სახელმწიფოებრიობასთან“ და „სახელმწიფოს სიძლიერესთან“. „ისინი უპირისპირდებიან ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, ყველაზე დიდ რელიგიურ ინსტიტუციას [მართლმადიდებელ ეკლესიას]“.
მმართველი გუნდის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობებზე კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და რომ ისინი წინა ხელისუფლების დროს „ჩარეცხეს“. „ხელოვნურად მოკლეს სამოქალაქო საზოგადოება და ჩაანაცვლეს [ეკა] გიგაურით და [ნინო] ლომჯარიათი“, – თქვა მან და დასძინა, რომ რეალური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დღეს ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ეთი მთავარი „ეროვნული ამოცანაა“.