საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით 4 აპრილს ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ, „შესაძლოა, იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები“. გრიგორიადისი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამართული იქციებისას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით მარტის ბოლოს დააკავეს. მას 7-11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„საია“ მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები.
„საია“ გრიგორიადისის საქმეზე მაღალი თანამდებობის პირების განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს არღვევს ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმციას, რამაც, შესაძლოა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზეც იქონიოს უარყოფითი გავლენა. ამ კონტექსტში, ორგანიზაცია გრიგორიადისის მისამართით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „დისკრიმინაციულ“ განცხადებას ასახელებს, რომელიც „მიზნად ისახავდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას“.
ორგანიზაციის თქმით, პრობლემურია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის როგორც ზოგადად აქციების მონაწილეთა მიმართ გაკეთებული შეფასებები, ისე გრიგორიადისის წაყენებულ ბრალში წინასწარ „გადაჭრით დადანაშაულებაც“. „პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული განცხადებებით, ინდივიდუალური თუ მათი კუმულაციური ეფექტით, არაერთხელ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმცია, აგრეთვე, გავრცელდა მისი ნასამართლეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია“, – აცხადებენ „საია-ში“.
„საია“ გრიგორიადისის ადვოკატის მიერ 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის გამოკითხვისას, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გამოძიებისთვის საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაციის მიწოდების იძულებას. „თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება აბსოლუტური უფლებაა და მის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს პირისთვის ჩვენების ჩამორთმევის მიზნით ნებისმიერი სახის იძულება. მნიშვნელობა არ აქვს პირი ასეთ დროს თავის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი იძულება არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს“.
ორგანიზაცია გრიგორიადისისთვის მისი ნების საწინააღმდეგოდ თმის გადაპარსვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს და ფაქტის ობიექტური შეფასების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
გრიგორიადისის საქმის გარშემო არსებული კითხვის ნიშნების გათვალისწინებით, „საია“ მოუწოდებს:
ხელისუფლების წარმომადგენლებს – თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმციის ფარგლებს.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება.
სახალხო დამცველს – იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე.